საინფორმაციო შეხვედრები სამტრედიის და ქუთაისის სკოლებში
2017 წლის 5 და 6 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რეგიონულ დეპარტამენტთან ერთად, სამტრედიის და ქუთაისის საჯარო სკოლებში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით. საინფორმაციო შეხვედრებს მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ადრეულ ასაკში ქორწინების ფორმები, თანმდევი რისკები და გამომწვევი მიზეზები. ასევე ოჯახში ძალადობის ფორმები და დაცვის მექანიზმები; მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული სერვისების შესახებ.
სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას მშობლების საკმაოდ დიდი რაოდენობა ესწრებოდა, რაც თემის მიმართ მათ ინტერესზე მიუთითებს. ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფლობდნენ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის ფორმების და ადრეული ქორწინების უარყოფითი ასპექტების შესახებ და აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში. მოსწავლეები ადრეულ ასაკში ქორწინების ძირითად მიზეზად საპირისპირო სქესისადმი ინტერესს და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, კვლავ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით.