სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები ქვემო ქართლის რეგიონში „გოგონების უფლებები და ადრეული ქორწინების პრევენცია“

2016 წლის იანვრის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული, ბოლნისი, წალკა და გარდაბანი) ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე ოთხი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით ქვემო ქართლის რეგიონში ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია. ღონისძიებებს ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრებზე განხილული იქნა ადგილობრივ დონეზე არსებული ხელშემწყობი ფაქტორები ადრეულ ასაკში ქორწინებისათვის და პრობლემის მოგვარების გზები იმ პირების ჩართულობით, ვისაც უშუალოდ ეხება ეს თემა და ყოველდღიურად აწყდება მას რეალობაში.

სამწუხაროდ, იძულებითი ქორწინება კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. შეხვედრის მონაწილეებმა არაერთი ასეთი შემთხვევა გაიხსენეს. რეგიონში მწვავედ დგას არასწრულწლოვანათა ნიშნობის გავრცელებული პრაქტიკაც. პირის საქორწინო ასაკის მიღწევამდე ოჯახები თავად წყვეტენ თავიანთი შვილების დანიშვნას და ამ პროცესში მათ აზრს არც კი ითვალისწინებენ. დანიშნული გოგონა კი განათლებას წყვეტს, ვინაიდან საზოგადოება მიიჩნევს, რომ მისი სკოლაში სიარული უკვე მიუღებელია.

შეხვედრებზე ისაუბრეს იძულებით ქორწინების ფაქტებზეც. მასწავლებლები თვლიან, რომ მშობლებისთვის იძულებითი ქორწინება ფინანსური გარიგებაა. მათი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ მუდმივი კონტროლი, რაც ერთადერთი გზა არის, იმისათვის, რომ მშობლებმა შეწყვიტონ არასრულწლოვანი შვილების დაოჯახება.

შეხვედრები ორგანიზებული იყო პროექტის „გოგონების უფლებები და ადრეული ქორწინების პრევენცია“ ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტით დაგეგმილია ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტების გამოვლენა და არსებული რეაგირების მექანიზმების გაცნობა, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული პირისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)