საინფორმაციო შეხვედრები კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე
2015 წლის 10-13 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, კახეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების მუნიციპალურ ერთეულებში (საგარეჯო, ლაგოდეხი, თელავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე) ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავდა რეგიონში არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას. შეხვედრებზე მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლები, სოციალური მუშაკები, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული სხვა პირები.
შეხვედრებზე გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ასპექტებზე, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე ამ მიმართულებებით. დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათ გამომწვევ ფაქტორებსა და თანმდევ შედეგებზე.
შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის, მისი გადაჭრის გზებისა და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის დონე ძალიან დაბალია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თავად სერვისის მიმწოდებლები და ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები ვერ აცნობიერებენ პრობლემის არსს და არ ფლობენ ინფორმაციას მათსავე ვალდებულებებზე.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ტექნიკური მხარდაჭერით.