სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

2015 წლის 15 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ანა ლობჟანიძემ, მერი მაღლაფერიძემ და სოფიო რუსეცკიმ მარნეულში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

ღონისძიება პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას ისახავდა მიზნად. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, რეგიონის მაცხოვრებელმა ახალგაზრდებმა და თემით დაინტერესებულმა სხვა პირებმა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ასპექტებზე, დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევ ფაქტორებსა და თანმდევ შედეგებზე.

შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები საგრძნობლად შემცირებულია. თუმცა ხშირია გოგონების დანიშვნა, რაც ძირითადად, მშობლების გადაწყვეტილებით ხდება. დანიშვნის შემდეგ, ხშირად, გოგონები ვეღარ აგრძელებენ სწავლას რადგან საქმროს არ სურს, რომ მან სკოლაში იაროს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მუშაობას არსებული ვითარების შესწავლისათვის.

ღონისძიება ჩატარდა ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ტექნიკური მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)