სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა კახეთის რეგიონის სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან

2018 წლის 11 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული დეპარტამენტის, ბავშვთა ცენტრისა და რეგიონული დეპარტამენტის თელავის ოფისის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონის (თელავის, ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს) სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს სოციალური მუშაკების როლი ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და ბულინგის შემთხვევებთან დაკავშირებით.

ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსმა მაია გედევანიშვილმა სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილა. ისაუბრა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე, კერძოდ, ძალადობასა და მის ფორმებზე, ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე, მოსწავლეთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე.

გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ანა ილურიძემ ისაუბრა სოციალური მუშაკების როლზე ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებთან დაკავშირებით, სოციალური სამსახურის ინსტიტუციური მექანიზმის სრულყოფისა და ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის შემთხვევებზე, დამოკიდებულებაზე იმ ძალადობის მსხვერპლთა მიმართ, რომელთაც დატოვეს თავშესაფარი.

შეხვედრის მონაწილეებმა სოციალური სამსახურის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა „სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება კახეთის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)