სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ

2019 წლის 6-7 მაისს საქართველო სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე ავსტრიაში, ვენაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოხსენებით გამოვიდა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) მიერ ჩატარებული კვლევის „ქალთა კეთილდღეობა და უსაფრთხოება“ შედეგების შესახებ შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო უფლებადაცვითი მექანიზმების წარმომადგენელთა ხედვის მოსმენას და გაზიარებას, ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკების გაცნობას.

ეკატერინე სხილაძემ კონფერენციაზე გამოსვლისას ისაუბრა სახალხო დამცველის როლზე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობის პროცესში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო აქტივობებსა და ზოგადად, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღნიშნა, რომ საქართველოში, განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, რაც ხშირ შემთხვევაში მათ კვლავ ძალადობრივ გარემოში აბრუნებთ. სახალხო დამცველის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოში წარმოებული საინფორმაციო კამპანიების შესახებ, მათ შორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მორაგბეთა ჩართულობით განხორციელებულ აქტივობებზე. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) განხორციელებული ღონისძიებების კაცების ცნობიერების ამაღლების და პოზიტიური მშობლობის ხელშეწყობის მიმართულებით „კაცები ზრუნავენ“ და სხვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)