საჯარო დისკუსია „რა პასუხი აქვს სახელმწიფოს ქალთა მიმართ ძალადობაზე“
21 მარტს ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსია „რა პასუხი აქვს სახელმწიფოს ქალთა მიმართ ძალადობაზე. დისკუსიაზე მოხსენებით გამოსულმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სხილაძემ ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ; ხაზი გაუსვა ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) შემთხვევებს; წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები და მათი ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები.
ასევე მოხსენებები წარადგინეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თამარ დეკანოსიძემ და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა საქართველოს პროკურატურაში ნათია მეზვრიშვილმა.
დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრეს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისას არსებულ გამოწვევებსა და სოციალური მუშაკების ჩართვის მნიშვნელობაზე, ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე.
საჯარო დებატები პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელშეწყობითა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით ჩატარდა.