სიახლეები

საჯარო დებატები „თვითმმართველობის არჩევნების გენდერული პოლიტიკა“

2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თვითმმართველობის არჩევნების გენდერული პოლიტიკის“ თემაზე. დებატებს მოდერირება გაუწია ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამების მენეჯერმა თეონა ყუფუნიამ. მისასალმებელი სიტყვით საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოვიდა.

შეხვედრაზე გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა. პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემებისმიხედვით, 2017 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, 193 ქვეყანას შორის 123-ე ადგილს იკავებს. 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში სულ 18 ქალი პარლამენტარი იყო, ხოლო 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტში, ქალთა რაოდენობამ შეადგინა მხოლოდ 24 დეპუტატი 150 დეპუტატიდან. ქალთა დაბალი წარმომადგენლობა განსაკუთრებით იგრძნობა რეგიონებსა და თვითმმართველ ერთეულებში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში 18 მინისტრიდან მხოლოდ ორი ქალია.

არსებული კუთხით სახალხო დამცველის აპარატის ხედვა და პრობლემის გადაჭრის გზები სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ წარმოადგინა.

დებატებზე მოხსენებებით გამოვიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გენდერული თანასწორობის ქსელის წარმომადგენელი მაია კუპრავა-შარვაშიძე.

მომხსენებლებმა ისაუბრეს საარჩევნო პროცესში ქალთა ჩართულობის თვალსაზრისით გამოკვეთილ ტენდენციებზე; განიხილეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები, კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივისა და საკომიტეტო განხილვების პროცესი.

სახალხო დამცველის საჯარო დებატები ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით იმართება.

2.10.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)