სიახლეები

რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე ეროვნული კვლევის შედეგები

2019 წლის 22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადებული ეროვნული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული პროგრესული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ გვხვდება სისტემური პრობლემები სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით, რომელიც თავის მხრივ სერვისების ფინანსურ მისაწვდომობას, სოციალურ ბარიერებს და ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. ეს ყოველივე კი განსაკუთრებული სიმწვავით აისახება ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე; არ არსებობს სისტემური ხედვა მშობიარობის შემდგომ სერვისებთან დაკავშირებით; მოზარდებს არ აქვთ კომპლექსური განათლება, არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას მათ სხეულზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რაც საფრთხის შემცველი ქცევების ალბათობას ზრდის.

თავისი გამოსვლის დასასრულს სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ ანგარიშში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კანონმდებლობის, რეგულაციების და პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებადაცვითი ეროვნული ინსტიტუტების როლს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მონიტორინგის პროცესში. მან ასევე ისაუბრა გაეროს მოსახლეობის ფონდის და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებსა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიების მიმდინარეობისას, სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ილურიძემ და კვლევის მომზადების პროცესში ჩართულმა ექსპერტებმა ლიკა ჯალაღანიამ და ლელა შენგელიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ის ძირითადი მიგნებები, რაც კვლევამ დედათა ჯანმრთელობასა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ სერვისების ხარისხთან და ხელმისაწვდომობასთან, ასევე, ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსურ განათლებასთან დაკავშირებით წარმოაჩინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები.

კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)