სიახლეები

რეგიონული ფორუმი „გაერთიანება ფემიციდის წინააღმდეგ“

2024 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ და სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტის უფროსმა სოფიო რუსეცკიმ მონაწილეობა მიიღეს რიგით მეორე რეგიონულ ფორუმში „გაერთიანება ფემიციდის წინააღმდეგ“, რომელიც ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია FemPlatz-ის ორგანიზებით ქალაქ ბელგრადში (სერბეთი) გაიმართა.

ღონისძიებაზე სერბეთის, საქართველოს, ხორვატიისა და მაკედონიის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ფემიციდის მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოების ფუნქციონირებისა და მათი მონიტორინგის მეთოდოლოგიებს გაეცნენ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, პრაქტიკა, კანონმდებლობასა თუ ინსტიტუციურ დონეზე არსებული ხარვეზები და გამოწვევები გაიზიარეს, ადვოკატირების მიმართულებით ერთობლივი აქტივობები დაგეგმეს და ფემიციდის პრევენციის მიზნით თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სერბეთის კომისარმა თანასწორობის დაცვის საკითხებში ბრენკიჩა იანკოვიჩმა და სერბეთში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა იან ბრათუმ ფორუმის მიზნები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების მნიშვნელობა განიხილეს.

სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ ფორუმის მონაწილეებს სახალხო დამცველის ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი გააცნო. ისაუბრა მონიტორინგის შედეგებზე, ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის უკიდურესი ფორმის, ფემიციდის მიმართულებით დღესდღეობით ქვეყანაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე, ხაზი გაუსვა სტატისტიკის წარმოებისა და უწყებებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ შეხვედრა გამართა სერბეთის თანასწორობის დაცვის კომისართან ბრანკიჩა იანკოვიჩთან და თანასწორობის ორგანოებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)