სიახლეები

ონლაინ კონფერენცია - ქალები და მობილობა: ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები

2021 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებითა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ონლაინ კონფერენცია გაიმართა თემაზე „ქალები და მობილობა - ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“.

კონფერენციაზე განიხილეს მობილობის გენდერული ასპექტები საქართველოში, საჭიროებები და თავისებურებები, კოვიდ 19-ით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვების ჩათვლით. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკაზე და მუნიციპალურ სერვისებზე.

„ქალთა ყოველდღიურ გადაადგილებას მნიშვნელოვანი გენდერული ასპექტები აქვს, რაც მათი გადაადგილების რეჟიმზე, მიზნებზე და საშუალებებზე მოქმედებს და ხშირად მობილობის შეზღუდვას იწვევს, რადგან გადაადგილების არსებული მოდელი ქალთა საჭიროებებზე არ არის მორგებული. მაგალითისთვის, ქალების მობილობა პირდაპირ არის დამოკიდებული მათი შემოსავლის ოდენობაზე. მცირე შემოსავლის მქონე ქალების 38.4% იშვიათად ან საერთოდ არ გადის სახლიდან. საგანგაშოა მონაცემი, რომლის მიხედვითაც ყველა რეგიონში უკიდურესად დაბალია ქალების მობილობა განათლების მიღების მიზნით“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ღონისძიების გახსნისას.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „მობილობა ქალაქებისთვის“ პროგრამის დირექტორი მარტინა კოლბი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული კვლევა „ქალები და მობილობა - ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“ შედეგები წარადგინეს კვლევის ავტორებმა ანა ილურიძემ და თათია ვერულაშვილმა.

ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

ანგარიში მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3hTxLBS


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)