სიახლეები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრების ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა. სწორედ მათი უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წელს საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში გამართა შეხვედრები, ასევე ონლაინ ფორმატში გაიმართა შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ქალებთან.

წინამდებარე ანგარიში ეფუძნება მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პრობლემად რჩება ქალთა ჩართულობა, მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში. ქალების დასაქმების ბარიერები კვლავ არის შინ შრომა და შინამეურნეობაში არათანაბრად გადანაწილებული ზრუნვის ტვირთი. ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული პროექტები ძირითადად მსხვილი ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობაზეა გათვლილი, რაც ზღუდავს მცირე მეწარმეობის შესაძლებლობას.

ამასთან, პრობლემურია ქალებისთვის სამშობიარო სახლებზე და გინეკოლოგთან წვდომა. ასევე, არ აქვთ ინფორმაცია და წვდომა ანტენატალური უფასო სერვისების რაოდენობისა და სარგებლობის შესახებ, ასევე არ აქვთ ინფორმაცია სკრინინგ პროგრამებზე;

მოუწესრიგებელია შიდა გზები, გარე განათება და ტრანსპორტი. რიგ სოფლებში დგას სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქალებისთვის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ოკუპირებული გალის საავადმყოფოში პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიწოდებულ მედიკამენტებსა და სამედიცინო ინვენტარზე ხელი არ მიუწვდებათ. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კვლავ არ არის მისაწვდომი აბორტის სერვისი.

ვიმედოვნებთ, რომ ანგარიშის თანმდევი რეკომენდაციები დაეხმარება უწყებებსა და თვითმმართველ მუნიციპალიტეტებს, უკეთ დაგეგმონ და განახორციელონ კონკრეტული აქტივობები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)