სიახლეები

ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას ხელწერილის არაეფექტურობის შესახებ

სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, პირად კონტროლზე აიყვანოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთა მიერ კანონით განსაზღვრული მექანიზმების გამოყენების საკითხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას მსხვერპლთა დაცვა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევების პრევენცია. ასევე მოუწოდა, რომ უფლებამოსილ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ განემარტოთ საკითხის სენსიტიურობა, რათა ყველა ზომა იქნას გამოყენებული საქართველოში არსებული ოჯახში ძალადობის საგანგაშო ტენდენციის შესაჩერებლად.

არაერთი მოწოდების მიუხედავად იმის თაობაზე, რომ შესაძლო ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებები, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი რიგი შემთხვევებიდან იკვეთება, რომ ხელწერილის გამოყენება კვლავ გრძელდება. ასეთ ფორმას კი საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისგან დასაცავად არსებული სამართლებრივი მექანიზმები და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია.

სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ხელწერილი ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის ეფექტურ დაცვას, რადგან არ აქვს ის სამართლებრივი თანმდევი შედეგები, რაც მსხვერპლთა დაცვისათვის შემაკავებელ ორდერს გააჩნია. ასევე, ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციას ან, მომხდარის შემთხვევაში, მოძალადის პასუხიმგებლობის დაყენებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)