ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში
2023 წლის 2 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალთა მონაწილეობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
სიტყვით გამოსვლისას თამარ გვარამაძემ ქალთა თანაბარი მონაწილეობის პრობლემებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველომ შეიმუშავა საკანონმდებლო და პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტები, განავითარა ინსტიტუციური მექანიზმები, თუმცა, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ქალთა ეფექტიანი ჩართულობა შეუძლებელია ადგილობრივ დონეზე არსებული მმართველობის ორგანოების აქტიური მუშაობის გარეშე. ამიტომაც, გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი სწორედ მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა და მათი სათანადო გაძლიერება უნდა იყოს.
„სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე ქალები უთითებენ, რომ მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების დროს, მათ შორის, ბიუჯეტის შემუშავებისას, მათი ჩართულობა მკვეთრად დაბალია, რაც ინფორმირებულობის ნაკლებობით, პროცესისადმი ნდობის არარსებობით, შინ შრომით, გადაადგილების სირთულითა, სტერეოტიპული და დისკრიმინაციული მიდგომებით არის განპირობებული.
კიდევ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგანან შშმ, ხანდაზმულები და დევნილი ქალები. ასევე, დაბალია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ინტეგრაციისა და მათთან კომუნიკაციის ხარისხი, რასაც ენობრივი ბარიერი და ინფორმაციაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა იწვევს“. - განაცხადა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა.