ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებზე სამუშაო შეხვედრები ჩატარდა
2021 წლის 17, 19 და 26 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე პროკურორებს, გამომძიებლებსა და ადვოკატებს სახალხო დამცველის მიერ (ევროსაბჭოს მხარდაჭერით) მომზადებული კვლევის „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის მართლმსაჯულება საქართველოში“ ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. მონაწილეებმა სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საქმის სასამართლო განხილვისას არსებულ გამოწვევებსა და აღნიშნულ საქმეებზე მუშაობის თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, საქართველოს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი მარიამ ჯაჯანიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ოსაძე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი და საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლონდა ბიჭიკაშვილი. შეხვედრებს ექსპერტი თამარ დეკანოსიძე უძღვებოდა.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე საუბარი იმ პირებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ სექსუალური ძალადობის საქმეებზე, ხელს შეუწყობს სექსუალური ძალადობის საქმეებზე ეფექტურ რეაგირებასადა მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვას - გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე.