სიახლეები

ქალთა გაძლიერების ფორუმი

2021 წლის 8 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქალთა გაძლიერების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც USAID/PROLoG-ის მიერ, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ფორუმის პირველ სესიაზე, თემით „მე ვიწვევ - დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“, საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს და მათ შორისაა, დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, სექსუალური შევიწროება და ქალთა მიმართ ძალადობა. სესიას მოდერაციას უწევდა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

„მე ვიწვევ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ყველა შესაბამის უწყებას, გააძლიერონ ძალისხმევა გოგოების და ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის და აღმოფხვრისთვის. გადაუდებლად აუცილებელია დაიწყოს საკანონმდებლო რეფორმა, ასევე, გაიზარდოს ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების რაოდენობა, გაძლიერდეს სამართალდამცავ უწყების კადრების კვალიფიკაცია და ხელი შეეწყოს უწყებებს შორის დროულ და ეფექტურ კოორდინაციას; რათა არ მივიღოთ ისეთი ტრაგიკული შემთხვევები, როგორიც ბავშვის თვითმკვლელობის ანდა 13 წლის ბავშვის მშობიარობის ფაქტია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ფორუმზე გამოსვლისას.

ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებმა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)