გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა
2015 წლის 5–6 ოქტომბერს ზუგდიდში სახალხო დამცველის აპარატმა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის -„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება“ მხარდაჭერით, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გამართა.
გენდერული საკითხებისა და ჟურნალისტური ეთიკის გაშუქების თემაზე გამართულ ტრენინგზე განიხილეს გენდერული თანასწორობის, სექსიზმის, სტერეოტიპული დამოკიდებულების და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები. დისკუსია გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაშუქების სენსიტიურობასა და პრინციპებზე.
ორდღიან ტრენინგს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სხილაძე და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე უძღვებოდნენ. ტრენინგს 20–ზე მეტი რეგიონული მედიის, გამგეობებისა და საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო.
სახალხო დამცველისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ერთობლივი პროექტით სამეგრელოს რეგიონში სხვადასხვა ჯგუფებისთვის ადამიანის უფლებების თემაზე და დისკრიმინაციაზე კიდევ რამდენიმე ტრენინგია დაგეგმილი, რომელიც წლის განმავლობაში ჩატარდება.