განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
სრულიად საქართველოს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს!
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა რეგიონალური შეხვედრები ,,უფლებებია - ჩემი ყვავილები“. შეხვედრები სიმბოლურად საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდა და მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება.
8 მარტის აღნიშვნის ისტორია 104 წელს ითვლის. 1910 წელს, კოპენჰაგენში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას, გერმანელი სოციალისტის - კლარა ცეტკინის მიერ ინიცირებული იქნა ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა, რასაც საფუძვლად დაედო 1909 წელს 15 000 ქალის საპროტესტო გამოსვლა უკეთესი ანაზღაურების, პროფესიული განათლების, სამუშაოზე დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის მოთხოვნით.
1975 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. საქართველოში ამ დღეს ვიხსენებთ ქალთა განუზომელ წვლილს, მიღწევებსა და წარმატებებს. ვსაუბრობთ არსებულ პრობლემებზე და ვეძებთ გადაჭრის გზებს.
თუ გადავავლებთ თვალს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზას 1909 წლიდან-დღემდე, კვლავ აქტუალურია მთელი რიგი პრობლემური საკითხები. პრობლემას წარმოადგენს ქალთა დაწინაურების, ეკონომიკურ განვითარებაში თანაბარი მონაწილეობისა და სათანადო ანაზღაურების საკითხი. სიღარიბის ფემინიზაციამ და ქალთა მიმართ ძალადობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა ქალების დაბალი ეკონომიკური აქტივობა.