სიახლეები

განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

25 ნოემბერს ცივილიზებული მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამავე დღეს იწყება 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას.

ამ დღეს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო ტენდენციით ვხვდებით. პრობლემის მასშტაბები და სიმძაფრე მთელი სიცხადით შევიგრძენით წელს, როცა პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ქალთა მკვლელობის 20-ზე მეტი შემთხვევა მოხდა.

ქალთა მიმართ ძალადობა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემაა, რომელსაც სჭირდება აღიარება, ამ ფენომენის უკიდურესად უარყოფითი შედეგების სრულფასოვანი გაცნობიერება და შემდგომ მის შესაჩერებლად ერთიანი ძალისხმევა, კოორდინირებული და დროული მოქმედება. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვერ შევძელით დაგვეცვა ქალების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქობულეთში, ლამბალოში, ზესტაფონში, დვაბზუში, თბილისში და კიდევ ბევრ ადგილას. ვერ შევძელით სტერეოტიპული აზროვნების რღვევა, გენდერული თანასწორობის სულისკვეთების ბუნებრივი პოზიტივების აღქმა, ამ სულისკვეთების გავრცელება და საზოგადოებაში მის დასამკვიდრებლად საერთო ეროვნული თანხმობის ჩამოყალიბება.

ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ პრობლემის არსებობა, გავაცნობიეროთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გენდერული უთანასწორობა და სწორედ ამ უთანასწორობას უნდა ვებრძოლოთ. სანამ ქალთა ხმა არ იქნება მოსმენილი გადაწყვეტილების მიღებისას, სანამ ქალები დაექვემდებარებიან შევიწროებას და უთანასწორო მოპყრობას დასაქმებისას, სანამ დავადანაშაულებთ მსხვერპლს და ამა თუ იმ მიზეზით გავამართლებთ მოძალადეს, ჩვენ ავცდებით პრობლემის მოგვარების მთავარ გზას.

დღეს აშკარაა, რომ ძალადობის ამ ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გვაქვს ერთიანი ხედვა. სამწუხაროდ, ჩემს საგანგებო მიმართვაზე პარლამენტის მიმართ, განსაკუთრებული მსჯელობის საგნად ექცია ფემიციდი, მოეწვია მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლები და გვემსჯელა მიზეზებზე, დასახულიყო მოქმედების ერთიანი ეროვნული სტრატეგია, გამოხმაურება დღემდე არ მიმიღია. იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც მთავრობა პრობლემის აღიარებიდან ქმედით ნაბიჯებზე გადავა, რაშიც დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველანაირი ძალისხმევა იქნეს გამოყენებული ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, შესაძლო მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის. აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენონ ყველა არსებული ბერკეტი ძალადობის შესაჩერებლად. საზოგადოებამ უნდა დაარღვიოს დუმილი და ხმამაღლა თქვას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოებისათვის საშიში დანაშაულია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)