განცხადება მედიასაშუალებებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენასთან დაკავშირებით
გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ. უკანასკნელ პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის შემაშფოთებელი ფაქტები დაფიქსირდა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამ საკითხის გაშუქებასთან დაკავშირებული სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობა. არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს, სწორედ ამიტომ გამოიწვია ჩემი შეშფოთება ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ ეთერში 23 დეკემბერს გასული იუმორისტული გადაცემა „კომედი შოუს“ ეგრეთწოდებულმა ხუმრობამ, სადაც ძალადობის მსხვერპლი ქალი დაცინვისა და უსუსურობის ობიექტად იყო წარმოჩენილი.
მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მედიის უმნიშვნელოვანეს როლს ქალთა ძალადობისგან დაცვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კონტექსტში. მედიასაშუალებების მთავარ ფუნქციას ამ საკითხში ინფორმაციის გავრცელება და თითოულ მოქალაქემდე თანასწორუფლებიანოს პრინციპების სწორად მიტანა წარმოადგენს, იმის განმარტება თუ რა არის ძალადობა, სად და რა ფორმით გვხვდება საზოგადოებაში და რა გზები არსებობს ოჯახში ძალადობისგან თავის დასაღწევად.
ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველი მე–11 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ხოლო ყოველ მესამეს ერთხელ მაინც აქვს ოჯახის წევრის მხრიდან გენდერული ნიშნით ძალადობის გამოცდილება. როდესაც მედია ასეთ მძიმე თემას ეხება, ეს მონაცემები არ უნდა დაგვავიწყდეს; უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებთან ერთად ის ადამიანებიც ადევნებენ თვალყურს ამ გადაცემებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან. ასეთი დაუფიქრებელი ხუმრობისა თუ სიუჟეტის შედეგად ჩვენ მათ გადარჩენის გზების ჩვენების ნაცვლად უიმედობასადადაუცველობისგანცდასვუღრმავებთ. ძალადობა არ არის სასაცილო, სახუმარო თემა! მსხვერპლებს სჭირდებათ ყოველი ჩვენგანის მხარდაჭერა, რადგან მათ ძალიან რთული და გრძელი გზა აქვთ გასავლელი, ოჯახში ძალადობისგან თავის დასაღწევათ.
ამ თემაზე როდესაც ხუმრობას დავაპირებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ 2014 წელს საქართველოში 25–ზე მეტი ქალი იქნა მოკლული მეუღლისა თუ ყოფილი პარტნიორის მიერ. ჩვენ მათი ოჯახების ტკივილის მოზიარენი უნდა ვიყოთ და არამც და არამც მათი გამკრიტიკებლები.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ძალისხმევას არ იშურებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად და მუდმივად არის ჩართული როგორც შემთხვევების მართვის, ასევე მექანიზმების დახვეწისა და გაუმჯობესების პროცესში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა თუ სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან, რათა დავიცვათ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ვინც ამ თემატიკაზე მუშაობს, იცის თუ რამხელა ძალისხმევა არის საჭირო მსხვერპლთა ნდობის მოსაპოვებლად.
2013 წელს სახალხო დამცველის აპარატში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი შევქმენით, რომლის მუშაობის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა წარმოადგენს. დეპარტამენტის გულმოდგინე მუშაობის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა მიმართვიანობის მაჩვენებელი, ჩართულები ვართ თითქმის ყველა სამუშაო ჯგუფისა თუ საბჭოს საქმიანობაში, რომელიც მსხვერპლთა დახმარების სერვისების გაუმჯობესებას ეხება. სწორედ ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციების დისკრედიტაცია ტელეეთერის მეშვეობით, თითქოსდა მსხვერპლთა დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყოს, საგრძნობლად დააზიანებს ისევ მსხვერპლთა მდგომარეობას, შეამცირებს მათ ნდობას და გააღრმავებს დაუცველობისა და უიმედობის შეგრძნებას.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გათვალისწინებული იქნება ჩვენი განცხადებები თუ რეკომენდაციები, რომლებიც არაერთხელ გავავრცელეთ გენდერული თემატიკის არასწორად გაშუქების შედეგების შესახებ; მხედველობაში იქნება მიღებული იმ ადამიანების შეგრძნებები და მძიმე გამოცდილება, რომლებმაც ძალადობა თავის თავზე გამოსცადეს და თავიდან ავირიდებთ ღირსებისა და პატივის შემლახველ სიუჟეტებს.