სიახლეები

განცხადება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ძალადობისა და ჰომოფობიური გამოვლინებების ყველაზე მეტი შემთხვევა, სწორედ, ამ დღეს დაფიქსირდა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ჰომოფობიური განწყობა მჭიდრო კავშირშია საზოგადოების სოციალური და კულტურული შემწყნარებლობის ზოგად დონესთან. 2012 და 2013 წლების 17 მაისს კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის სურვილით შეკრებილი ადამიანების მიმართ განხორციელდა სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები. პოლიციამ კი ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. 2014 წლის 17 მაისი არ აღნიშნეს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და უფლებადამცველებმა, რადგან გასული წლების გამოცდილებით მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა. სამი წელი გავიდა და სამწუხაროდ, არც ერთ ძალადობის ფაქტზე არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი.

აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება - „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა 2012 წლის 17 მაისს სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე–3 (წამების აკრძალვა) და მე–11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა მე–14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფო უნდა იყოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკაში განხორციელების გარანტი. ასევე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ამ უფლებების რეალიზაციის პროცესში საფრთხე არ დაემუქროს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სრულად ვიზიარებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სულისკვეთებას და მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და საზოგადოებას, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას.

2015 წლის 17 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. დღის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზის ნომერი: 2 91 38 14; 2 91 38 15.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)