გამოცდილების გაზიარება ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებზე
2016 წლის 7-9 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სომეხ კოლეგებს უმასპინძლა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ და სომხეთის ადამიანის უფლებების დამცველის მოადგილემ ხრაჩია პალიანმა.
სამ დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სომეხ კოლეგებს გააცნეს სახალხო დამცველის მანდატი, ინსტიტუტის როლი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებში, საქმისწარმოების წესები და ინდივიდუალურ საქმეებზე მუშაობის პრაქტიკა.
საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევით, თემატური მოხსენებები წარმოადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იყო არსებული პრობლემებისა და მიღწევების ფართოდ აღსაქმელად.
ქართველი და სომეხი კოლეგების შეხვედრა ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და ფინანსური დახმარებით განხორციელდა.