სიახლეები

გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა სიმონოვიჩი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა

2016 წლის 17 თებერვალს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ დუბრავკა სიმონოვიჩი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე არსებული მდგომარეობის, მოსახლეობის ხედვისა და მოსაზრებების გაცნობა. შეხვედრა წარმომადგენლობითი იყო და ესწრებოდნენ კაბალის თემის ოთხი სოფლის – კაბალის, ყარაჯალას, უზუნთალას და განჯალას – სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული სხვა პირები.

ქალბატონი დუბრავკა სიმონოვიჩი მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ადგილობრივ თემს გაესაუბროს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მათთან ერთად განიხილოს პრობლემის გადაჭრის გზები.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, მათ შორის ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემას. ღონისძიების მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ კანონის განხორციელებას დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენები უშლის ხელს. პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის ნაკლებობა და ხელმისაწვდომობა სერვისებზე; რაც ერთი მხრივ ენობრივი ბარიერითაა განპირობებული, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დაბალი აქტივობით.

ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის განხილვისას აღინიშნა, რომ ქორწინების საშუალო ასაკი 16–17 წელია, თუმცა დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს „ნიშნობა“, რომელიც 14–15 წლის გოგონების მიმართაც კი ხდება. კაბალის თემის მოსახლეობის თქმით, წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა გამოსწორდა. ამის მიზეზად კი შეხვედრის მონაწილეები კანონის გამკაცრებას ასახელებენ.

შეხვედრის დასასრულს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო სტანდარტებსა და დაცვის მექანიზმებს, ისაუბრა პოლიციის როლზე და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ თემს შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)