სიახლეები

დებატები: ქალთა მკვლელობები – ძალადობის ახალი ტენდენცია

2014 წლის 5 სექტემბერს, სახალხო დამცველმა მორიგი დებატები გამართა თემაზე ქალთა მკვლელობები – ძალადობის ახალი ტენდენცია. დებატებს უძღვებოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ საბედაშვილი.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის მაღალ მაჩვენებელზე, გახშირებულ ქალთა მკვლელობებზე და შესაბამისად, ფემიციდის ნიშნებზე ისაუბრა. იანვრიდან 8 თვის განმავლობაში ქალთა 14 მკვლელობა დაფიქსირდა. არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ღია დისკუსიების მოწყობა, პრობლემების საფუძვლების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება.

სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ დებატები ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საგანგებო სტრატეგიის შემუშავებას, რაც არა მხოლოდ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე იქნება კონცენტრირებული, არამედ მაქსიმალურად მოახდენს მსგავსი დანაშაულების პრევენციას.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ სტამბულის კონვენციის სამომავლო რატიფიცირებაზე და შიდა კანონმდებლობის დახვეწის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ორიენტირებულია ოჯახური ძალადობის პრევენციაზე. მასში გათვალისწინებულია როგორც ძალადობის მსხვერპლისთვის დამატებითი დაცვის გარანტიები, ასევე მოძალადის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ბერკეტები, ნაადრევი ქორწინების კრიმინალიზაცია, თავშესაფრების, კომპენსაციის, ქონების გადანაწილების საკითხები და სხვა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მთავრობას აქვს მყარი პოლიტიკური ნება, გაორმაგდეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით მასშტაბური რეფორმები დაიწყება. მინისტრმა სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების სახელმწიფო ვალდებულებაზეც ისაუბრა. ამასთან, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის კვალიფიკაციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად ოქროპირიძის თქმით, შსს კარგად ხედავს გამოწვევებს, აცნობიერებს პრობლემის არსს და მოკლევადიანი სტრატეგიაც აქვს შემუშავებული. ამ მიზნით, შეხვედრები შედგა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, განიხილეს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და შეიმუშავეს რეკომენდაციები. შეიქმნა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის პოლიციის რეაგირების ფაქტებს. შსს გააგრძელებს ტრენინგებს და გააძლიერებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

მინისტრის ბრძანებით ყველა რაიონულ განყოფილებას დაევალა ერთი მამაკაცისა და ერთი ქალისგან შემდგარი ჯგუფის გამოყოფა, რომლებიც პერსონალურად იმუშავებენ ძალადობის ფაქტებზე. ასევე, უბნის ინსპექტორებს მიეცათ ორდერის გამოწერის უფლება.

ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა ქალთა მკვლელობების ფორმულირებისას რამდენიმე პრობლემური ასპექტი მიმოიხილა: მათ შორის, არასრულყოფილი სტატისტიკა; ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავესთან და არა დანაშაულთან; გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის არ არსებობა; გენდერულად ბრმა, ცინიკური და აგრესიული მედია და ასევე, ბრმა, პატრიარქალური ნორმებით გაჯერებული საგანმანათლებლო სისტემა.

ამას ემატება პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის დაბალი ხარისხი და დანაშაულის დისკრიმინაციული კვალიფიცირება. ლელა გაფრინდაშვილი ამ საკითხის გადაჭრის უმთავრეს პირობად კანონშემოქმედებით საქმიანობაში ქალების მონაწილეობას მიიჩნევს.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სხილაძემ აღნიშნა, რომ არსებითია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართ დამკვიდრებული სიჩუმის კულტურის დანგრევა და ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრება შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და მთლიანად საზოგადოების წარმომადგენლებში. მნიშვნელოვანია გაძლიერდეს საზოგადოებასთან მუშაობა, რათა აღმოიფხვრას არსებული სტერეოტიპული მიდგომები და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში არსებული ბარიერები, რომ მსხვერპლებმა მიიღონ დროული და ეფექტიანი მხარდაჭერა და დახმარება.

სახალხო დამცველის აპარატის პოზიციაა, შემუშავდეს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგია, რაც, არამხოლოდ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე იქნება კონცენტრირებული, არამედ მაქსიმალურად მოახდენს მსგავსი დანაშაულების პრევენციას. თავის გამოსვლაში სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ დანაშაულის მიზეზების შემსწავლელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ისაუბრა.

ფსიქოლოგმა მარინე ჩიტაშვილმა პრობლემის გადაჭრის მისეული ხედვა წარმოადგინა, სადაც გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის და ზედამხედველობის მექანიზმების დახვეწაზე; ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალის და კაცის თანაბარი წარმომადგენლობასა და მკაცრად რეგულირებული შრომითი ურთიერთობის ასპექტებზე ისაუბრა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ძალადობის გამომწვევი მიზეზების კვლევის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

დისკუსიამ თემის ირგვლივ მრავალი საკითხი მოიცვა. მათ შორის, იქნება თუ არა საკანონმდებლო ცვლილებებში გათვალისწინებული შშმპ ქალთა პრობლემები; ისაუბრეს სოციალური სამსახურისა და საპატრულო პოლიციის მხრიდან უფრო მეტ აქტიურობაზე; კოორდინაციის პრობლემაზე, ორდერების მონიტორინგზე და მათი გაცემის მეთოდოლოგიაზე.

დებატების მონაწილენი თანხმდებოდნენ ერთობლივი სტრატეგიის შემუშავების, საზოგადების ინფორმირებულობის, ასევე სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების აუცილებლობაზე.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის მხარდაჭერა“ ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით.

იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი

იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერეა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)