ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე
30 ივლისს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა 2013 წლიდან აღნიშნავს. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმა და სერიოზული დანაშაულია. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები, რომლებიც შრომითი ტრეფიკინგისა და სექს ტრეფიკინგის მსხვერპლებად გვევლინებიან.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა და მისი აღმოფხვრა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან. მისასალმებელია, რომ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის ანგარიშში, საქართველო 2016 წლის მსგავსად, კვლავ პირველ კალათაშია და მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ. ანგარიშში აქცენტი კეთდება ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებაზე, პრევენციასა და სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, მონაცემების შეგროვებისა და დაზარალებულთა დახმარების კუთხით განხორციელებული საქმიანობა 2016 წელს დადებითად შეაფასა აგრეთვე, ტრეფიკინგის საკითხებში ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა (GRETA).
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რჩება საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის საკითხი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ მეტი ძალისხმევა მიმართოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისკენ, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და არსებული სერვისების გაძლიერებაზე.
გარდა ამისა, საქართველო წარმოადგენს სატრანზიტო ქვეყანას, რაც ორმაგად აძლიერებს სექს ტრეფიკინგის რისკს. ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ რეგიონებზე, სახელმწიფომ პროაქტიულად მოახდინოს საინფორმაციო შეხვედრები და გაააქტიუროს მუშაობა შესაძლო დანაშაულის გამოვლენისა და შემდგომში ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით.