ზოგადი წინადადება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპეციალური საჭიროებების შესახებ
2015 წლის 6 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ – ჩაუტარდეთ საგანმანათლებლო ტრენინგები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალური საჭიროებების შესახებ იმ თანამშრომლებს, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ მგზავრებთან; კომპანიამ შეიმუშაოს მგზავრთა გადაყვანის მოქნილი გრაფიკი, სადაც გათვალისწინებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევისას სტანდარტული გრაფიკის იმგვარი ცვლილება, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს დამატებითი დროის გამოყოფა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის უზრუნველსაყოფად.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ თბილისის მუნიციპალური ავტობუსით სარგებლობისას, უფლებების დარღვევის და სავარაუდო დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა გამოავლინა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები სათანადოდ არ ფლობენ ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა საჭიროებების შესახებ. გამოკითხულთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ მძღოლებს არა აქვთ ინფორმაცია, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდებათ ავტობუსში ჩასვლა/ამოსვლის უზრუნველსაყოფად, რაც მძღოლების მხრიდან აღიქმება განგებ გაჭიანურებად და გაღიზიანების მიზეზი ხდება. აგრეთვე, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ვერ ახერხებენ თავისი მოძრაობების კონტროლს, რაც რთულად გასაგებია გარშემომყოფთათვის. ყოველივე ამას კი შედეგად ახლავს მათი არასათანადო პირობებში მომსახურება, კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა. მაგალითად, ავტობუსის ერთ-ერთმა მძღოლმა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს ავტობუსიდან ჩასასვლელად საკმარისი დრო არ მისცა და შეურაცხმყოფლად მიმართა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისადმი დამოკიდებულება, დღესდღეობით არც თუ ისე სახარბიელოა. საზოგადოება მათ არ ეპყრობა როგორც თანასწორ სუბიექტს, ვინაიდან არ ფლობს სათანადო და ობიექტურ ცოდნას სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ასევე, მათი და მათი ოჯახების საჭიროებებზე. წლების განმავლობაში ფორმირებული სტერეოტიპული შეხედულებები ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მარგინალიზაციას და მათ ნაკლებად მნიშვნელოვან და ნაკლები პოტენციის მქონე ბავშვებად აღქმას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მშობლის განსაკუთრებულ როლს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში და მიაჩნია, რომ მშობლის სტაბილური ემოციური მდგომარეობა და პოზიტიური განწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციას. მაშინ როდესაც, მშობელი აწყდება წინააღმდეგობასა და დამცირებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში, ის პრევენციის მიზნით შვილს არიდებს მსგავს გარემოს, რათა დაიცვას საზოგადოების ფსიქოლოგიური ზეწოლისაგან და შეურაცხყოფისაგან, შედეგად კი ბავშვი ხდება გარე სამყაროსაგან იზოლირებული.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ხელმიუწვდომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გარიყვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მათი სერვისზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა ფუნდამენტურ უფლებებზე ხელმისაწვდომობის უფლების განხორცილებას.
სახალხო დამცველის აზრით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს, საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობასთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და სტიგმისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბებაში და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც მიღწევადი იქნება ადაპტირებული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, სახალხო დამცველი მიესალმება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას 2016 წლიდან ახალი ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მძღოლებისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის მართლშეგნების ამაღლების მიზნით, ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების შესახებ. ამასთან სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ტრენინგების ჩატარებაში. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ტოლერანტული და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.