შეზღუდული შესაძლებლობა

სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მოუწოდა

2021 წლის 9 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

ზოგად წინადადებას საფუძვლად დაედო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) ორსული ქალის განცხადება, რომლის თანახმადაც, სამედიცინო დაწესებულებაში კონსულტაციის გავლისას, სამედიცინო დოკუმენტაცია მისთვის არამისაწვდომი (ნაბეჭდი ფორმით) მიაწოდეს. განმცხადებლის მითითებით, უსინათლო პირებზე მორგებული სერვისების არარსებობის გამო, იგი მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციას რაც მას დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს და სხვებთან თანაბრად, სერვისებით დამოუკიდებლად სარგებლობის უფლებას უზღუდავს. ამასთან, იგი იძულებულია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მისაწვდომი გახადოს ოჯახის წევრებისთვის, რათა მათ წაუკითხონ სამედიცინო დოკუმენტაცია, დანიშნული წამლების რეცეპტი, სხვადასხვა კვლევების პასუხები.

ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს კვლავ უწევთ ბრძოლა როგორც გარემოზე წვდომის, ისე - სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო მომსახურებით სხვა პირთა თანასწორად სარგებლობისთვის. ყურადღება გაამახვილა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან მიმართებით განსაკუთრებით რელევანტურია ინტერსექციური დისკრიმინაციის კონცეფცია, ვინაიდან შესაბამისი საჭიროებების გაუთვალისწინებლობის პირობებში, ორსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები კიდევ უფრო მწვავე არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდა, სისტემურად გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების საჭიროებები ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მისაწვდომობის კუთხით, შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა და სახელმძღვანელო მითითებები საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი სამედიცინო დოკუმენტაციის მისაწვდომობა იქნება ეს ბრაილის შრიფტით, ჟესტების ენით, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციით თუ სხვა აღქმადი ფორმატის საშუალებით. აგრეთვე, მოამზადოს საკანონმდებლო აქტის/საკანონმდებლო აქტში ცვლილების პროექტი შესაბამისი ვალდებულების ნორმატიულ დონეზე ასახვის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)