სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს

2015 წლის 16 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართა ამხანაგობა „კ. და ს. კავკასიაში“ წარმომადგენელმა, მ.ც.-მ და სთხოვა სასამართლოს მეგობრის სტატუსით ჩართვა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეში.

მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან იკვეთებოდა, რომ არარეგისტრირებულ კავშირ „თ.-ს“ მიენიჭა უფლებამოსილება, თერჯოლაში განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები. არარეგისტრირებულ კავშირ „თ.-ს“ წარმომადგენლები იყვნენ რელიგიური ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეთა“ მიმდევრები.

კავშირის წარმომადგენლებმა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყეს, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი გამოიწვია.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შეჩერდა მშენებლობის ნებართვა, რასაც საფუძვლად დაედო თერჯოლაში მცხოვრები კ. მ.-ს განცხადება, რომლის თანახმად, მიმდინარე მშენებლობა საფრთხეს უქმნიდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთისა და საავტომობილო გზების მთლიანობას, ასევე საავტომობილო გზების მდგრადობას.

მომჩივნების მიერ წარდგენილი და ასევე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნების თანახმად, საცხოვრებელი სახლის აშენება ამავე ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენდა და მათ მდგრადობას საფრთხეს არ შეუქმნიდა.

აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგაც, არ გაგრძელებულა მშენებლობის ნებართვა.

აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველმა, საქმის განმხილველ სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა 2015 წლისთ თებერვალში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)