სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება საექსტრადიციო პატიმრობასთან დაკავშირებით

2017 წლის 26 სექტმბერს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ი.ს.–ს საექსტრადიციო პატიმრობის აუცილებლობისა და პროპორციულობის დადგენის, შიდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და გადაწყვეტილების ზედმიწევნითი დასაბუთების მიზნით მიმართა.

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის 3 ივლისს ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე ი.ს–ს მიმართ საექსტრადიცო პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. 2017 წლის 3 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო 2017 წლის 14 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო. საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც 30 სექტემბერს საექტრადიციო ვადის გაგრძელების საკითხს განიხილავდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტიპის პატიმრობის შეფარდებისას (შიდაეროვნული გამოძიების თუ საექტრადიციო მიზნებისთვის) სახელმწიფო ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ არის აუცილებელი პატიმრობა. პატიმრობის შეფარდების შესახებ დასკვნის გამოტანამდე აუცილებელია, სასამართლომ განიხილოს ალტერნატიული, ნაკლებად შემზღუდავი საპროცესო ღონისძიებების შესაბამისობა აღკვეთის მიზანთან. ამასთანავე, ქალი ბრალდებულების მიმართ, როგორც შიდა, ისე საექტრადიციო პატიმრობის დროს, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მისი პიროვნება, ოჯახური გარემოება – ჰყავს თუ არა ბავშვი, არის თუ არა ძირითადი აღმზრდელი და რა გავლენას მოახდენს მისი დაპატიმრება ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. ამასვე აწესებს საერთაშორისო სტანდარტები. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2012 წლის რეკომენდაციით, წევრი სახელმწიფოებისადმი განსაზღვრულია, რომ უცხოელ პატიმრებს უნდა მოეპყრონ ადამიანის უფლებების პატივისცემის დაცვით და მათი კონკრეტული მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების სათანადო გათვალისწინებით. უცხოელ ბრალდებულებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მათ მიმართ განხილულ იქნეს ისეთივე არასაპატიმრო ზომები, როგორიც სხვა ბრალდებულების მიმართ. უცხოელი ბრალდებულები არ უნდა იმყოფებოდნენ პატიმრობაში თავიანთი სტატუსის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, სხვა ბრალდებულების მსგავსად, როდესაც ის მკაცრ აუცილებლობას წარმოადგენს, უკიდურესი ზომის სახით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)