სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს
2016 წლის 3 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დევნილის სტატუსით მოსარგებლე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფის საქმესთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების კერძო საკუთრებაში გადაცემისას იკვეთება, არის ინფორმაციის ნაკლებობა იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მესამე პირთა უფლებების შეზღუდვა ან მათთვის რაიმე ვალდებულების დაკისრება. იძულებით გადაადგილებული მესამე პირი, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას არ ცხოვრობდა მყიდველის საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელი არ იყო) და საცხოვრებლით უზრუნველყოფისას არ ჰქონდა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის შესაძლებლობა, სახელმწიფოს მხრიდან მოკლებულია საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებას. სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში მრავალგზის მიუთითებდა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, დევნილთა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხზე.
იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები, მათ შორის, მოიცავს საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლებას, პირად ცხოვრებასა და საცხოვრებლის უფლებაში თვითნებური და უკანონო ჩარევისგან დაცვას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ს.გ.–ს განცხადებიდან ირკვევა, რომ მან, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 ივლისის #496 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ.გ.–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მისი წერილობითი თანხმობის გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ს.გ.–ს სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს პრეზიდენტმა სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
გამომდინარე იქიდან, რომ ანალოგიურ საქმეებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა საქმის განმხილველი სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარედგინა.