სააპელაციო სასამართლომ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) გაიზიარა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში (Amicus Curiae) წარმოდგენილი არგუმენტაცია და 2024 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ მ. ქ.-ს საპატიოდ ჩაუთვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებისთვის განკუთვნილი ვადის გაცდენა და გასაჩივრების ვადა აღუდგინა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, განაჩენის გასაჩივრების ვადა სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულმა ადვოკატმა დაარღვია. აპარატის მიმართვის საფუძველზე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა საქმე ახალ ადვოკატს გადასცა და ასევე დაიწყო ვადის გაშვების საკითხის შესწავლა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით. ამავდროულად, ახალმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გასაჩივრების ვადის გაცდენის საპატიოდ ჩათვლისა და ვადის აღდგენის თაობაზე.
მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ მართალია, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს და ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა ვადებს უკავშირდება, თუმცა გაშვებულ ვადასთან მიმართებით ხისტმა შეზღუდვამ და ინდივიდუალური გარემოებების არ გათვალისწინებამ, შესაძლოა დაარღვიოს ევროპული კონვენციის მოთხოვნები, თუ არ იარსებებს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და მიზანს შორის.
სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მსჯავრდებულს, ვინაიდან ის იმყოფება დახურულ დაწესებულებაში, შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, ეფექტურად იყოს ჩართული პროცესებში, მას არ შეუძლია გამოცხადდეს ამა თუ იმ დაწესებულებაში და მყისიერად გადაამოწმოს მისი საქმის მიმდინარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეფექტიანი დაცვისა და პროცესებში რეალური ჩართულობის გარანტს კვალიფიციური იურიდიული დახმარება წარმოადგენს.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში ადგილი ჰქონდა სავალდებულო დაცვის შემთხვევას, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, ლიცენზირებული ადვოკატის მიერ განხორციელდეს ეფექტიანი დაცვა, ამდენად, სახელმწიფო წინასწარ აღიარებს და ნდობას უცხადებს სახაზინო ადვოკატების პროფესიონალიზმს, საქმიანობის ხარისხს. სახალხო დამცველის პოზიციით, სწორედ პრეზუმირებული და ლეგიტიმური მოლოდინი დანიშნული ადვოკატის მიერ გაწეული სერვისის კვალიფიციურ და მაღალ ხარისხთან მიმართებით აძლევს დაცვის ქვეშ მყოფ პირს იმის განცდას, რომ მიენდოს ადვოკატს საპროცესო ვადების დაცვისას.
სახალხო დამცველი მიესალმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ ხსენებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებას და მოქალაქეთა უფლებების დაცვას სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის მიმართულებით.