ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2016 წლის თებერვალი
2016 წლის 7 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ტრადიციულად, თებერვლისთვის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. ბიულეტენში მოკლედ არის მიმოხილული სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა, მათ შორის შესწავლილი საქმეების საფუძველზე მომზადებული და ადრესატებთან გაგზავნილი რეკომენდაციები, სახალხო დამცველის საჯარო განცხადებები ქვეყანაში მიმდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენების შესახებ, შეხვედრები, დახურული ინსტიტუციების მონიტორინგი და შედეგები, სამოქალაქო განათლების მიზნით გამართული ტრენინგები და სემინარები. ასევე, შეიტყობთ სახალხო დამცველის რეკომენდაციებით, მიმართვებითა და საჯარო განცხადებებით მიღებული შედეგების შესახებ.
იხილავთ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ 13 სახელმწიფო უწყების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს, გაეცნობით სახალხო დამცველის შეფასებას რეკომენდაციების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით და ასევე დამოკიდებულებას ამ ახლად დამკვიდრეული ფორმატის მიმართ. აქვე არის მოყვანილი ის რეკომენდაციები, რომელთაც არ დაუკარგავთ სიმწვავე და კვლავ არ არის შესრულებული, თუმცა ჯერ კიდევ 2014 წლის დადგენილებაში იყო შესული.
ბიულეტენში საუბარია სახალხო დამცველის შეხვედრებზე ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს თანამშრომელთან, მათ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე. აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე გააუმჯობესოს შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება.
სწორედ, შრომის უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი რეგულაციებისა და მათზე მონიტორინგის არარსებობისა თუ არაეფექტურობის გამო, თებერვალში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. ბიულეტენში გაეცნობით სახალხო დამცველის განცხადებებს ამ სამწუხარო ფაქტებთან დაკავშირებით.
წინამდებარე დოკუმენტით შეიტყობთ სახალხო დამცველის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ, რომელიც უჩა ნანუაშვილმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო. ანგარიშში საუბარია მოქალაქეთა მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე, აპარატის ადამიანურ და ფინანსურ შესაძლებლობებზე, გაფართოებულ მანდატზე, გახშირებულ სპეციალურ ანგარიშებსა და ახალ, აქტუალურ მიმართულებებზე. ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან გაღრმავებულ ურთიერთობებზე, აპარატის გამჭვირვალობაზე, გაძლიერებულ კანონშემოქმედებითი საქმიანობაზე.
ამავე ანგარიშში წარმოდგენილია სრული ინფორმაცია 2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების შესახებ.
თებერვალში, სახალხო დამცველის მოწვევით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა სიმონოვიჩი, რომელმაც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით პირველადი რეკომენდაციები წარმოადგინა. სახალხო დამცველმა ასევე ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი როზა ქორნფელდ მატე მოიწვია.
ბიულეტენში საუბარია სახალხო დამცველის ინიციატივაზე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა.
გაეცნობით სახალხო დამცველის უარყოფით დამოკიდებულებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებასთან და საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი თოფაძის სტიგმას შემცველ გამოსვლასთან დაკავშირებით.
თებერვლის თვის ბიულეტენი შესაძლებლობას მოგცემთ გაიგოთ სახალხო დამცველის აპარატში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების, წარმართული საქმიანობისა და რაც მთავარია, ამ პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.