ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2016 წლის ივლისი – აგვისტო
საქართველოს სახალხო დამცველმა ივლისსა და აგვისტოს თვის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადინა, რომელშიც ამ პერიოდის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენებია ასახული. ბიულეტენში იხილავთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას ე.წ. „კაბელების“ გახმაურებულ საქმეზე, ასევე ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის ცემისა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის სწრაფად ობიექტურად და სრულფასოვნად გამოძიების მოწოდებას, მასთან ერთად კი სახალხო დამცველის დამოკიდებულებას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის რეპრესიულ საქმიანობაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაზეა დაფუძნებული.
დოკუმენტში უარყოფითად არის შეფასებული წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების ინტერნეტ სივრცეში გავრცელება და ხელისუფლების ორგანოების არაადეკვატური დამოკიდებულება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტებზე.
გაეცნობით იმ წარმატებულ საქმეებს, სადაც სახალხო დამცველის აპარატის ძალისხმევით დარღვეული ადამიანის უფლებები აღდგა; მათ შორის, ერთ მსჯავრდებულს ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა, მეორე, მძიმედ დაავადებული მსჯავრდებული სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლეს, მესამე მსჯავრდებული C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს, ასთმის მძიმე ფორმით დაავადებული კი პენიტენციური დეპარტამენტის დახურული ტიპის დაწესებულებიდან ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს; ერთ–ერთ მოქალაქეს გირაოს თანხა დაუბრუნდა. სახალხო დამცველის წინადადებით გამოძიება დაიწყო პარტნიორობაზე უარის თქმის მიზეზით სისტემატიურად განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე.
ასევე, ბიულეტენში შესულია საჯარო დებატები, რომელზეც სახალხო დამცველის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უსახლკარობის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ეკომიგრაციის სფეროში აჭარაში არსებული გამოწვევები განიხილეს.
საინფორმაციო ბიულეტენში სხვა მიმდინარე მოვლენებთან ერთად იხილავთ სახალხო დამცველის განცხადებებს, რეკომენდაციებს, დახურულ ინსტიტუციებში ჩატარებული მონიტორინგის მონაცემებს და აპარატში შემოსული განცხადებების სტატისტიკას. კერძოდ, ივლისსა და აგვისტოში შემოვიდა 1535 განცხადება და დასაშვებობის გავლის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა 1273 განცხადების შესწავლა დაიწყო; დასაშვებად ცნობილი განცხადებების უმეტესობა – 377 განცხადება, პატიმრობის პირობებს ეხება. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა 48 ვიზიტი განახორციელა 11 დახურულ დაწესებულებაში, სადაც 244 პატიმარი მოინახულა, ხოლო პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა 23 პოლიციის სამმართველო და 12 დროებითი მოთავსების იზოლატორი შეამოწმა.
საინფორმაციო ბიულეტენში ასევე გაეცნობით ინფორმაციას შეხვედრების, ღონისძიებების, სპეციალური ანგარიშებისა თუ განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ.