საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2016 წლის იანვარი

2016 წლის 5 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც იანვრის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. ბიულეტენის მისალმებაში სახალხო დამცველმა გასულ წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის, ასევე მთელს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა აკადემიის გახსნასა და ცხელი ხაზის ამოქმედებას, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის ბიუროს სრულუფლებიან წევრად არჩევას, პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მინიჭებას.

აღნიშნა, რომ გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა რეგულარულ სამუშაო შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს, საკანონმდებლო დონეზე შეიცვალა არასრულწლოვანთა ქორწინების წესი.

ასევე, მოკლედ მიმოიხილა რამდენიმე დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, რომელთაც იანვრის თვეში ქონდათ ადგილი. მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც მართლმსაჯულების ხარვეზების გამოვლენისა და გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა.

ბიულეტენში იხილავთ იმ რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა ხელისუფლების ორგანოებს გაუგზავნა რეაგირებისათვის. მათ შორის: საქართველოს პარლამენტს ხმაურის საკანონმდებლო დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ფორმით დასარეგულირებლად; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დარღვეული შრომითი უფლების აღსადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გენერალური ინსპექციის მიერ საქმის წარმოების ხარვეზებთან დაკავშირებით და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა გაჭიანურების აღსაკვეთად.

ცალკე თავია მიძღვნილი სახალხო დამცველის განცხადებებისადმი ქვეყანაში მიმდინარე განსაკუთრებული მოვლენების შესახებ. იანვარში მწვავედ გამოიკვეთა არასრულწლოვანთა თვითმკვლელობებისა და მათი მედიაში გაშუქების ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევა. ასევე იყო განცხადება „ტაბულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში გაეცნობით ინფორმაციას სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ განხორციელებული შეხვედრების, ღონისძიებების, წარმატებული ინდივიდუალური საქმეებისა და კონკურსს „მე ომბუდსმენის“ შესახებ; ასევე, საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს. იანვრის თვეში განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე თანხმობა.

უფრო დეტალურად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისა და ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, საინფორმაციო ბიულეტენში იხილეთ.

5.02.16

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)