ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის ოქტომბერი
2014 წლის 11 ნოემბერს სახალხო დამცველმა #9 საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. დოკუმენტში ერთად არის თავმოყრილი სახალხო დამცველის შეხვედრები, განცხადებები, შეხედულებები და დამოკიდებულებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი; სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა; საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებულ სიახლეები.
ოქტომბრის თვეში რელიგიური შემწყნარებლობის თვალსაზრისით ვითარება კვლავ გამწვავდა. ქობულეთის პანსიონს სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენებიც დაემატა. ასევე, უმძიმესი მდგომარეობაა ქალთა მიმართა ძალადობის თვალსაზრისით. მკვლელობების სტატისტიკა ოქტომბრის თვეში კიდევ უფრო შემაშფოთებელი გახდა.
ბიულეტენში აღწერილია სახალხო დამცველის შეხვედრები რეგიონის მაცხოვრებლებთან, დიდი საწარმოების თანამშრომლებთან, კოლექტიური ჩასახლების ადგილებში მცხოვრებ დევნილებთან; მათი პრობლემები და სახალხო დამცველის წარმოდგენები ამ პრობლემათა გადაჭრის გზებზე.
ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ სახალხო დამცველი გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ორგანოდ დაასახელა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატი, თავისი უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელების, და მათ შორის, კონვენციის შესრულების მონიტორინგის პროცესში, მაქსიმალურად გამჭვირვალე და გახსნილი იქნება საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის.
ოქტომბრის ბოლოს პრემიერ–მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებზე. სახალხო დამცველმა პრემიერ–მინისტრისგან მჭიდრო თანმშრომლობის დაპირებაც მიიღო.