ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი (IOI)
ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტი(IOI) დაარსდა 1978 წელს ავსტრიაში და ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც 200-ზე მეტ ომბუდსმენის ინსტიტუტს აერთიანებს 100-ზე მეტი სახელმწიფოდან. IOI დაყოფილია 6 რეგიონად: აფრიკა, აზია, ავსტრალია და ოკეანეთი, ევროპა, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვა, ჩრდილოეთ ამერიკა.
IOI-ს მიზანია ომბუდსმენის ინსტიტუტების გაძლიერება სხვადასხვა მეთოდებით, კერძოდ, მათი დაარსების ადვოკატირება, ინსტიტუტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა ტრენინგებისა და კონფერენციების ორგანიზების გზით, რეგიონული პროექტებისა და კვლევების დაფინანსება და ა.შ.
IOI-ს მიზანია საკუთარი საქმიანობის ფარგლებში ხელი შეუწყოს:
- ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვას;
- კანონის უზენაესობას;
- ეფექტურ დემოკრატიას;
- ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებასა და პროცედურულ სამართლიანობას საჯარო ორგანიზაციებში;
- საჯარო სერვისების განვითარებას;
- ღია მმართველობას;
- მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას.
IOI-ს მიზნებისთვის ომბუდსმენის საერთაშორისო სტანდარტები უნდა იყოს დაცული ომბუდსმენის ყველა ინსტიტუტის მიერ. ეს პრინციპებია:
- ომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა დაარსდეს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტის ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
- ომბუდსმენის მანდატი უნდა მოიცავდეს პირის ან პირთა ჯგუფის დაცვას, უფლებების შელახვის, არაკეთილსინდისიერი ადმინისტრაციის, არასწორი მოპყრობის, კორუფციის ან საჯარო ორგანოს (ფართო გაგებით) მიერ გამოწვეული ნებისმიერი სხვა უსამართლობისგან;
- ომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა საქმიანობდეს კონფიდენციალურობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, საკუთარი მანდატის შესაბამისად და ამავდროულად ხელს უწყობდეს ღია და გამჭვირვალე მმართველობის ჩამოყალიბებას;
- ომბუდსმენი არ უნდა იღებდეს მითითებებს საჯარო ორგანოებიდან და საქმიანობას უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებლად;
- ომბუდსმენს უნდა ჰქონდეს საჭირო უფლებამოსილება და საშუალებები მიღებული განცხადებების გამოსაკვლევად;
- ომბუდსმენს უნდა ჰქონდეს რეკომენდაციის გამოცემის უფლებამოსილება დარღვეული უფლების აღდგენის ან დარღვევის პრევენციის მიზნით, ასევე ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო რეფორმების თაობაზე;
- ომბუდსმენი უნდა წარადგენდეს ანგარიშებს საჯაროდ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე და აქვეყნებდეს პერიოდულ ანგარიშს;
- ომბუდსმენი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ან სხვა წარმომადგენლობითმა ორგანომ, ან უნდა დაინიშნოს ასეთი ორგანოს თანხმობით განსაზღვრული ვადით;
- ომბუდსმენის დათხოვნის უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ან სხვა წარმომადგენლობით ორგანოს, ან დათხოვნა უნდა ხდებოდეს ასეთი ორგანოს თანხმობით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
- ომბუდსმენს უნდა ჰქონდეს საკმარისი ბიუჯეტი საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად.
IOI-ს მთავარი მმართველი ორგანოებია გენერალური ასამბლეა და დირექტორთა საბჭო. გენერალური ასამბლეა (ყველა წევრის მონაწილეობით) იკრიბება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ IOI-ს მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში. დირექტორთა საბჭო პასუხისმგებელია ორგანიზაციის საქმიანობის ზედამხედველობასა და მისი სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრაზე წევრების სახელით. იგი მართავს IOI-ის საქმიანობას — როგორიცაა პროექტების დამტკიცება, წევრი ინსტიტუტების მხარდაჭერა და პოლიტიკურ ინიციატივებზე მუშაობა, მსოფლიოს ექვს რეგიონში. საბჭოს წევრები რეგიონალურად აირჩევიან, ხშირად რეგიონული ომბუდსმენის ინსტიტუტებს შორის კონკურენტული არჩევნების გზით 4 წლის ვადით. ხოლო ყოველდღიურ საქმიანობას სამდივნო წარმართავს, რომელიც ვენაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ რეგიონულ დონეზე (აფრიკა, აზია, ავსტრალია და ოკეანეთი, ევროპა, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვა, ჩრდილოეთ ამერიკა) დირექტორთა საბჭო და გენერალური ასამბლეა იკრიბება IOI-ს მსოფლიო მმართველი საბჭოს და გენერალური ასამბლეისგან დამოუკიდებლად.
სახალხო დამცველი 2019 წელს არჩეულ იქნა ევროპის რეგიონის დირექტორთა საბჭოს წევრად, ხოლო 2021 წლიდან იყო მსოფლიო მმართველი საბჭოს წევრი. აღნიშნული პოზიცია სახალხო დამცველს 2022 წლის დეკემბრამდე ეკავა.