ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელი (ENOC)
ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელიდაარსდა 1997 წელს UNICEF-თან თანამშრომლობით და აერთიანებს ომბუდსმენის 44 დამოუკიდებელ ოფისს ევროპის საბჭოს წევრი 34 ქვეყნიდან. ქსელის წევრობა შეუძლიათ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში დაარსებულ ინსტიტუტებს. ქსელის დაარსების მიზანი იყო ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს შორის კავშირის გამყარება. მისი მიზნებია:
- გაეროს ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
- ბავშვთა უფლებების ადვოკატირება;
- ინფორმაციის, მიდგომებისა და სტრატეგიების გაზიარება;
- ბავშვთა უფლებების შესახებ დამოუკიდებელი და ეფექტური ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა.
ENOC-ის მანდატი მოიცავს ბავშვთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ისე როგორც ეს განსაზღვრულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით.
მიზნების ეფექტური განხორციელებისთვის ENOC-მა მიიღო არაერთი დოკუმენტი, რომელთა შორისაც აღსანიშნავია სტანდარტები ბავშვთა უფლებების დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვის, ბავშვის უფლებათა დაცვის პოლიტიკა, ორგანიზაციის სტანდარტები და ღირებულებები და წესდება, რომელიც ადგენს კრიტერიუმებს წევრობისთვის.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ENOC-ის სრული წევრია. ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აპარატმა 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2018 წლის 29 მარტს ENOC-ის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ENOC-ის მმართველ და გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებს წარმოადგენენ გენერალური ასამბლეა და ბიურო, ხოლო ყოველდღიურ საქმიანობას სამდივნო წარმართავს, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს. ბიურო შედგება შვიდი წევრისგან: ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარე, მომავალი თავმჯდომარე, მდივანი, ქსელის ხაზინდარი და ორი რიგითი წევრი.
მომავალ თავმჯდომარეს, ENOC-ის მდივანს, ხაზინდარს და ორ რიგით წევრს ირჩევს გენერალური ასამბლეა ყოველწლიური საერთო კრების დროს. თავმჯდომარე აირჩევა ჯამში სამწლიანი ვადით. არჩეული პირი (მომავალი თავმჯდომარე) იწყებს თავისი ფუნქციების შესრულებას არჩევისთანავე. მომავალი თავმჯდომარე მეორე წელს, შემდეგი ყოველწლიური გენერალური ასამბლეის დასაწყისში, ხდება მოქმედი თავმჯდომარე და შემდეგი წლიური გენერალური ასამბლეის დასაწყისში ხდება ყოფილი თავმჯდომარე. მდივანი და ხაზინდარი აირჩევიან ერთი წლის ვადით და მათი ხელახლა არჩევა შეიძლება მაქსიმუმ კიდევ ორი ვადით ზედიზედ (სულ სამი წლის განმავლობაში). ისინი საკუთარ თანამდებობას იკავებენ არჩევისთანავე. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატი 2021-2022, 2022-2023 წლებში იყო ბიუროს რიგითი წევრი.
ქსელის საქმიანობაში ძირითადად მონაწილეობს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტი, რაც გულისხმობს შემდეგ აქტივობებს:
- მონაწილეობა ქსელის ყოველწლიურ კონფერენციებში, რომლებიც ტარდება ქსელის წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით შერჩეულ თემატიკაზე. როგორც წესი, მონაწილეობა, გარდა სხვა აქტივობებისა, გულისხმობს ყოველი წევრი ომბუდსმენის ოფისში მოცემულ საკითხზე საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის გაკეთებას. კონფერენციაზე საბოლოოდ მტკიცდება ქსელის საერთო განცხადების (ENOC Statement) ტექსტი, რომელიც ასევე მიმდინარე წლის თემას ეხება და წინასწარ მზადდება წევრების ჩართულობით;
- მონაწილეობა ქსელის გენერალური ასამბლეის მუშაობაში - წევრები ისმენენ ბიუროს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ და ფინანსებზე პასუხისმგებელი პირის ანგარიშს, განიხილება წევრობის შესახებ ინფორმაცია და სხვა;
- მონაწილეობა ყოველწლიური სემინარების მუშაობაში, ასევე მიმდინარე წლის პრიორიტეტულ თემატიკაზე;
- მონაწილეობა ქსელის ახალგაზრდული პროექტის (ENYA) მუშაობაში არასრულწლოვანებთან ერთად - ყოველ წელს ცხადდება შემოთავაზება ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიმდინარე წლის თემასთან დაკავშირებით. წევრი ქვეყანა სთავაზობს სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს (მე-8-მე-12 კლასი) პროექტში მონაწილეობას, რაც გულისხმობს შერჩეულ თემაზე (მაგალითად, განათლების უფლება, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სხვა) შეხვედრებს და მოსაზრებების გაზიარებას, ამ საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან შეხვედრას, ვიდეოების მომზადებას. გარდა ამისა, გაზაფხულზე, ქსელი აწყობს სემინარს და ასევე, თემაზე მომუშავე ქვეყნების ჯგუფების ორი-ორი წარმომადგენლის შეხვედრას ევროპის რომელიმე ქალაქში. სექტემბერში კი მოსწავლეების ჯგუფის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობას იღებს ქსელის დიდ კონფერენციაში.