ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერება
სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, რამდენიმე თვეა სწავლობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დაგეგმილი ხუდონჰესის მშენებლობის კანონიერებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებობს რიგი საკითხებისა, რომელთა მოწესრიგებისა და გადაწყვეტის გარეშე დაირღვევა მესტიის რაიონის ხაიშის თემში მაცხოვრებელთა უფლებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 29 ივნისს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და კომპანია Continental Energy LTD-ს
- 2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობას, Trans Electrica Limited-ს, Trans Electrica Georgia-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტორენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, პროექტის სამუშაოთა განხორციელების შემდგომი ეტაპის თაობაზე.
- 1. ჰესის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა (სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება)
- გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემამდე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები (ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი) აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს ხუდონჰესის აშენების გარდაუვალობის შესახებ.
- ხელშეკრულების თანახმად, „მთავრობა“ დაეხმარება „პროექტის შემსრულებლ კომპანიას“ შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში.
- ამავე ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია „პროექტის შემსრულებელ კომპანიას“ მისცეს დამატებითი დრო წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად“ თუ ნებართვა არ გაიცემა დადგენილ ვადაში.
- ნებართვების მიღების პროცედურა, ამ შემთხვევაში ინვესტორისათვის ფორმალური ხასიათსაა და არ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც შეიძლება ინვესტორს უარი ეთქვას ამა თუ იმ ნებართვის გაცემაზე. პირიქით, მოცემულ შემთხვევაში მთავრობა ვალდებულია, რომ მას მისცეს ვადა, რათა საჭირო ნებართვები ინვესტორმა აუცილებლად მიიღოს.
- 2. ინვესტიციის მიმზიდველობა და ეკონომიკური ანალიზი
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ კომპანია Trans Electrica Limited-ის მხრიდან განსახორციელებელი ინვესტიციის მიმზიდველობის შეფასება და ეკონომიკური ანალიზი არ განხორციელებულა.
- ენერგეტიკის სამინისტროს წერილის თანახმად, პროექტი შესაძლებლობას იძლევა დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. მსგავსი სახის ვალდებულება ინვესტორს ხელშეკრულებით არ აქვს ნაკისრი. ამ პირობის შესრულება, მოსახლეობის კვალიფიკაციის გათვალისწინებით და ადგილობრივ მაცხოვრებელთა დასაქმება მხოლოდ პროექტის შემსრულებელი კომპანიის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
- 3. ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედება
- შპს „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიამ“ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში საჯარო (წინასწარი) განხილვისათვის წარადგინა 2013 წლის 29 ივლისს.
- საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ მიერ წარდგენილ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშზე მოამზადა 111 შენიშვნა და 2013 წლის 16 სექტემბერს გაუგზავნა „პროექტის შემსრულებელ კომპანიას“.
- შენიშვნები, ჩვენი ინფორმაციით, დღემდე არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, გაცემული არ არის გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების (3.3. მუხლი) თნახმად, ნებართვების მოპოვებისა და მშენებლობის დაწყების ვადად განსაზღვრულია არაუგვიანეს 2014 წლის 01 მარტისა.
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2014 წლის 24 მარტის (განმეორებით მივმართეთ 7 მაისს) წერილით ენერგეტიკის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ინვესტორისთვის ნებართვის აღებისათვის საჭირო ვადის გაგრძელებისა და მისი მიზეზების თაობაზე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
- 4. სოციალური საკითხები
- ამ მომენტისათვის, დამტკიცებული არ არის ადგილობრივ მაცხოვრებელთა განსახლების გეგმა.
- საქართველოს პრეზიდენტის #19/12/01 ბრძანებულების საფუძველზე 2012 წლის 11 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და შპს „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც „პროექტის განმახორციელებელ კომპანიას“ 1 (ერთ) აშშ დოლარად საკუთრებაში გადაეცა მესტიის სარეგისტრაციო ზონაში საკუთრების უფლება 141 ობიექტზე (საერთო ფართი 11940 529 კვ.მ).
- ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.15 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ „მთავრობა“ ან სახელმწიფო დარგობრივი უწყება ექსპროპრიაციის, იძულებითი დაუფლების, ნაციონალიზაციის ან სხვა სავალდებულო მოპოვების გზით მიიღებს საკუთრებაში „ობიექტს“ ან „კომპანიის“/ „პროექტის შემსრულებელი კომპანიის“ კაპიტალი ან აქტივები მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა იქნეს ანაზღაურებული იმ მომენტისათვის არსებული საბაზრო ღირებულების შესაბამისად.
- 5. კულტურული მემკვიდრეობა
- ხაიშის თემში, გამოვლენილი და აღრიცხულია როგორც არქეოლოგიური მემკვიდრეობის ობიექტები, ასევე, ისტორიულ არქეოლოგიური ნაგებობები. თუმცა, დატბორვის ზონაში არ ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ძეგლები.
- მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულების გარდა, „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 2003 წლის 17 ოქტომბრის კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა.
- 6. უსაფრთხოება
- ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ვარიანტის თანახმად, პროექტის განხორციელების შედეგად იტბორება ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ალტერნატიული ვარიანტის განხორციელების შედეგად, მაქსიმალურად უახლოვდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს და შეფასდეს პროექტის განხორციელება ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია:
- ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი პროცედურა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ნორმებთან;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით შეფასდეს ინვესტიციის მიმზიდველობა და გაკეთდეს ეკონომიკური ანალიზი;
- მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოების ადეკვატური, დროული და ეფექტური ინფორმირება გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე.
- ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ნებართვების გაცემისას უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების წესის დაცვა;
- მოსახლეობასთან შეთანხმებით შემუშავდეს ადგილობრივ მაცხოვრებელთა განსახლების სამოქმედო გეგმა, განსახლების პოლიტიკა და მონიტორინგის გეგმა;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიღებული იქნეს ზომები მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით;
- შეფასდეს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.