რეკომენდაციები.

სპეციალური ანგარიში თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

2015 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

მსოფლიოში განვითარებულმა ომებმა და კონფლიქტებმა მილიონობით ადამიანი აქცია ლტოლვილად. ბოლო წლებში საქართველოშიც საგრძნობლად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა მომართვიანობა. 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, თავშესაფრის მაძიებლად 995 პირი იყო დარეგისტრირებული. რაც შეეხება ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირებს, საქართველოში სულ 1192 საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა ერაყის, უკრაინის, რუსეთის და სირიის მოქალაქეები არიან.

ანგარიშში განხილულია სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის კუთხით. დოკუმენტი მიმოიხილავს თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა შესახებ დღეისათვის საქართველოში არსებულ ზოგად მდგომარეობას მათი სახელმწიფო საზღვარზე დაშვების, თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის, სასამართლოში საქმეების გასაჩივრების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე, რაზეც შესაბამისი რეკომენდაციებია შემუშავებული. მართალია, 2015 წელს მომზადდა ცვლილებები რამდენიმე სამართლებრივ დოკუმენტში, თუმცა ეს არ არის საკმარისი. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა გაიზარდა 10–დან 15 დღემდე, რაც ვფიქრობთ, არ არის გონივრული ვადა, რადგან გასაჩივრების მსგავსი ვადის დაწესება გარკვეულწილად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს და არღვევს თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებებს, რადგან „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლები უნდა სარგებლობდნენ იგივე უფლებებით, რითაც მიმღები ქვეყნის მოქალაქეები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები ვრცელდება მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებელ პირთა პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღებას ან გამოქვეყნებაზე. აღნიშნული ცვლილებები ზუსტად იმეორებს 1951 წლის კონვენციის შესაბამის მუხლს, რასაც მიესალმება სახალხო დამცველი, თუმცა მნიშვნელოვანია აღნიშნული ცვლილებების რეალიზაცია და ზუსტი ინტერპრეტაცია სახელმწიფოს მიერ.

მისასალმებელია ცვლილები, რომლებიც შევიდა საქართველოს „ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში და რომლის თანახმადაც გაუქმებულია თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციისთვის დაწესებული 10 დღიანი ვადა. აღნიშნული რეკომენდაცია შესულია სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში. თუმცა, კვალავ უცვლელი დარჩა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების განაცხადის განხილვის 6 თვიანი (გაგრძელების შემთხვევაში 9 თვიანი) ვადა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი ვადაა თავშესაფრის მაძიებელი პირისთვის, რომელსაც უცხო ქვეყანაში ცხოვრების საარსებო წყარო არ გააჩნია.

საკანონმდებლო დონეზეა დასარეგულირებელი სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლებით ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის დასაბუთება თავშესაფრის მაძიებელი პირისთვის, რადგან ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების შედეგად ირკვევა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება შეფასების განუხორციელებლად ხდება და პირისათვის მინიმალური ინფორმაციაც არ არის ხელმისაწვდომი.

ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონული წარმომადგენლის მოადგილემ სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო)ჰაი შელოუმ.

ანგარიში „სახალხო დამცველის მხარდაჭერა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში მომზადდა.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია.

იხილეთ ანგარიშის პრეზენტაცია.

7.12.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)