რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა სოფელ ვეძათხევთან დაკავშირებით მთავრობას რეკომენდაციით მიმართა

2013 წლის 25 დეკემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლები დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ სოფელში არსებული პრობლემებს.

სოფელი ვეძათხევი მეწყრული მოვლენების მაღალი რისკის ზონაში მდებარეობს და ჩატარებული გეოლოგიურ-საინჟინრო კვლევების თანახმად სოფლის ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისად იქნა ცნობილი.

სოფელში სადაც 11 ოჯახი ცხოვრობს, 2005 წლიდან არ ფუნქციონირებს დაწყებითი სკოლა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით სოფელ ვეძათხევის სკოლა 12 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ყვავილის საჯარო სკოლას მიუერთდა. ამ მანძილის გავლა ზამთარში სკოლის მოსწავლეებისათვის ფაქტიურად შეუძლებელია, რის გამოც სოფელში მცხოვრებ ბავშვებს განათლების უფლებაზე ხელი არ მიუწვდეებათ.

დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში არ არსებობს სამედიცინო პუნქტი და აფთიაქი; მოშლილია ინფრასტრუქტურა; სოფელთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ საცალფეხო ბილიკით. სოფელის მოსახლეობა უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში იმყოფება, სახლების უმეტესობა დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისი, მაცხოვრებლების ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. სოფელ ვეძათხევის მოსახლეობა დღემდე ელოდება განსახლებასა და სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს, დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და გეოლოგიური პირობები და სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ნაციონალური კანონმდებლობით დადგენილი პოზიტიური ვალდებულებების ფარგლებში, მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ადეკვატური დახმარების გაწევა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)