რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში არსებული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ შესაბამის მუნიციპალიტეტებს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა სკოლების უსაფრთხო წყალთა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებით უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტების რიგ სკოლებში 2018 წლის ივნისში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასკოლო გარემო და ინფრასტრუქტურული პირობები, ისევე როგორც, წყლის ხელმისაწვდომობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მხრივ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და გადაუდებელ მოწესრიგებას საჭიროებს, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. მონიტორინგის თანახმად:

  • სოფელ ქვემო ყულარის, სოფელ ნაგების და დაბა თრიალეთის საჯარო სკოლებს არ მიეწოდება სასმელი და ტექნიკური გამოყენების წყალი; ასევე, საერთოდ არ ფუნქციონირებს წყალმომარაგების სისტემა. სოფელ იმირის საჯარო სკოლაში ხელმისაწვდომია მხოლოდ ტექნიკური გამოყენების წყალი, ხოლო სასმელ წყალს სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებიდან იღებენ.
  • ანტისანიტარული მდგომარეობაა სკოლების საპირფარეშოებში, ხოლო სოფელ ზემო ყულარის სკოლას საკუთარი ტუალეტი არ აქვს. მოსწავლეების თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ისარგებლონ საპირფარეშოთი;
  • რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით სოფლად მდებარე სკოლებში, ბავშვებს არ აქვთ ხელის დაბანისა და საკმარისი რაოდენობის წყლის მიღების შესაძლებლობა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება სკოლებში წყლის ხელმისაწვდომობის, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების, სასკოლო გარემოს კეთილმოწყობის, საპირფარეშოების რეაბილიტაციისა და გამართული ფუნქციონირების მიზნით, რათა მოსწავლეები და სკოლის პერსონალი უზრუნველყოფილი იყვნენ უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებით.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

ქვემო ყულარი 3


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)