სახალხო დამცველმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს რეკომენდაციით მიმართა
2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს – ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტზე“ მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემასთან დაკავშირებით.
2014 წლის 27 იანვარს ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სხვადასხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციას მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილის გაცემაზე ეთქვა უარი, ინფორმაციის გაცემის მიზანშეუწონლობის მოტივით, ნაწილი კი არასრულყოფილი სახით იქნა გაცემული.
ინფორმაციის თავისუფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც აღიარებულია, როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, სახელმწიფოს მიერ ამ უფლების რეალიზაცია მისი დემოკრატიულობის ხარისხის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად ნიშანს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი ყოველ ადამიანს ანიჭებს უფლებას, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს მიზანშეუწონლობის მოტივით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებებისა და დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი პირის/პირების მიერ დარღვეულია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც თავის მხრივ არღვევს ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ უფლებებს.