რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველმა სოციალური შემწეობის გაცემის წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია

2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს მოქალაქეობის ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფი 7-სულიანი ოჯახის წევრია. მისი მეუღლე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს საქართველოში ბინადრობის მოწმობა. განმცხადებელი და მისი შვილები სარგებლობდნენ სოციალური დახმარებით, თუმცა, ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ოჯახს მისი მეუღლე შეუერთდა.

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით[1] დადგენილია, რომ სოციალური შემწეობის მიღების მიზნით, ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს „საკუთარი და ოჯახის დეკლარაციის მიხედვით ოჯახის ყველა წევრის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია დოკუმენტის მფლობელის პირადი ნომერი.“ განმცხადებლის მეუღლემ ვერ მოახერხა ბინადრობის მოწმობის წარმოდგენა, რის გამოც სოციალური დახმარება მთლიან ოჯახს შეუწყდა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ სოციალური სარგებლის მიღების თვალსაზრისით, ერთი პირის სამართლებრივმა მდგომარეობამ გავლენა არ უნდა იქონიოს სხვა პირების - განმცხადებლისა და მისი შვილების, უფლებრივ მდგომარეობაზე, რის შედეგადაც იქმნება ისეთი სამართლებრივი რეალობა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან კუთვნილი სოციალური დახმარების მიღების უფლება ერთმევათ პირებს, რომლებსაც სრული ფაქტობრივ-სამართლებრივი შესაბამისობა აქვთ აღნიშნული სიკეთის მისაღებად.

სახალხო დამცველმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუწოდა, სოციალური დახმარების შესახებ არსებული კანონმდებლობა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ ოჯახის ერთი რომელიმე წევრის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობამ არ გამოიწვიოს სხვა წევრებისთვის აღნიშნული უფლებით სარგებლობის შეზღუდვა.



[1] 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 2010

წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)