რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ყოფილი პატრულ–ინსპექტორის მიმართ განხორციელებული ქმედებების კანონიერების საკითხის შესწავლის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

წარმოდგენილ განცხადებებში ვ.წ. აღნიშნავდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არასათანადოდ და მიკერძოებულად გამოიკვლია პატრულ–ინსპექტორსა და მის ოცმეთაურს შორის მომხდარი ინციდენტი, რის საფუძველზეც იგი უკანონოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან გათავისუფლების შემდეგ ვ.წ.–მ გენერალური ინსპექციის მუშაობისადმი მშვიდობიანი ფორმით გამოხატა პროტესტი, რა დროსაც სამართალდამცავებმა იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, ვინაიდან არ დადასტურდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა.

საკითხის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული წარმოება შეიცავდა რიგ ხარვეზებს, ხოლო აღნიშნული უწყების დასკვნის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ამავდროულად, დადგინდა, რომ დარღვეულია ვ.წ.–ს უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სამართალდამცავების მხრიდან ყოფილი პატრულ–ინსპექტორის ადმინისტრაციული წესით დაკავებით კი დაირღვა მისი თავისუფლების ხელშეუვალობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა შეისწავლოს ვ. წ.–ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, შრომის სათანადო ანაზღაურების და უკანონო დაკავებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხები. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შესწავლილ უნდა იქნეს ვ.წ.–ს ხელმძღვანელი პირის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საკითხიც. ომბუდსმენის რეკომენდაციით, მინისტრის მხრიდან უშუალოდ შესწავლას საჭიროებს შსს გენერალური ინსპექციის მუშაობაში არსებული ხარვეზები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)