რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველმა დევნილისათვის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების რეკომენდაციით შესაბამის სამინისტროს მიმართა

2016 წლის 18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, რათა იძულებით გადაადგილებულ პირს პ.კ.–ს აუნაზღაურდეს 2008-2013 წლებში მიუღებელი დევნილთა შემწეობა, სადავო პერიოდში დევნილთათვის კანონით გათვალისწინებული შემწეობის ოდენობით.

საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა იძულებით გადაადგილებული პირის პ.კ.–ს საქმე, რომელსაც 2008–2013 წლებში არ ერიცხებოდა დევნილის შემწეობა, ვინაიდან, არ ქონდა გავლილი სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში დევნილთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია პ.კ.–მ მოგვიანებით, 2013 წლის თებერვალში გაიარა, რითაც აღმოიფხვრა შემწეობის დარიცხვის შეჩერების საფუძველი. მართალია სამინისტრომ დევნილის შემწეობა განუახლა, თუმცა არ ანაზღაურებია განვლილი პერიოდისათვის მიუღებელი დევნილთა შემწეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2008–2013 წლებში მოქმედი კანონის მიხედვით, შეჩერებული დევნილთა შემწეობა მიმდინარე საბიუჯეტო წლის ფარგლებში უნდა ანაზღაურებულიყო.

დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილთა შემწეობა, რომელიც წარმოადგენს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილ ყოველთვიურ გასაცემელს. ის ყოველთვიურად გაიცემა იმ პირებზე, ვისაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი, თუ არ არსებობს მისი დარიცხვის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. შეჩერებული დევნილის სტატუსი და დევნილთა შემწეობა აღდგება შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მატერიალური ზიანი, რომელიც პ.კ.–ს დევნილის სტატუსის აღდგენის შემდეგ, დევნილთა შემწეობის აუნაზღაურებლობით მიადგა, გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)