რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი კანონმდებლობა დისკრიმინაციულად მიიჩნია

2018 წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის უფლების დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობის რეკომენდაციით მიმართა საქართველო პარლამენტს და საქართველოს მთავრობას.

რეკომენდაციის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ნეიტრალური წესი, რომელიც ყველას თანაბრად აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, ზოგ შემთხვევაში გამორიცხავს ბავშვებს. კერძოდ, 14 წლამდე ბავშვები დამოუკიდებლად ვერ ირჩევენ სასამართლო წარმომადგენლებს, რაც მათი მართლმსაჯულების მიღმა დარჩენის საფრთხეს ქმნის. 14 წლიდან არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს, თუმცა, მოზარდის მიერ სასამართლოს უფლების სრულყოფილ რეალიზაციას არც ეს რეგულაცია უწყობს ხელს. არაეფექტურია სასამართლოს მიერ საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის პრაქტიკაც, ვინაიდან, კანონის თანახმად, წარმომადგენლის ჩართვა დაგვიანებით ხდება. შესაბამისად, არასრულწლოვანს იურისტის დახმარება სარჩელის შეტანის ეტაპზევე ესაჭიროება, რაც პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

საკითხის გადაჭრის საშუალებად სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ 14 წლამდე ბავშვების დაცვის დამატებითი ბერკეტი შეიძლება გახდეს მათი წარმომადგენლობის საკითხის გადაწყვეტის მინდობა სასამართლოსადმი, კერძოდ, სასამართლომ შეაფასოს საპროცესო წარმომადგენლის კეთილსინდისიერება, ბავშვთან ურთიერთობა და პროფესიონალიზმი. სასამართლოს ასევე უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, თავად დაუნიშნოს საპროცესო წარმომადგენელი 14 წლამდე არასრულწლოვანს, როდესაც მიიჩნევს, რომ ბავშვს არ ჰყავს სათანადო წარმომადგენელი. ასევე, უფლების დარღვევის შემთხვევაში, ბავშვისთვის უნდა გამარტივდეს სასამართლოსადმი პირდაპირი მიმართვის მექანიზმი, სასამართლომ კი დაუნიშნოს საპროცესო წარმომადგენელი, რომელიც მოამზადებს სარჩელს და მოიპოვებს შესაბამის მტკიცებულებებს.

ამასთან, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, სასამართლოს მიენიჭოს უფლებამოსილება, თავად დაუნიშნოს საპროცესო წარმომადგენელი 14-18 წლის არასრულწლოვანს, სასამართლოში მარტივი ფორმით განცხადების შეტანისთანავე. საკანონმდებლო ხარვეზი შესაძლოა საპროცესო ურთიერთობაში იურიდიული დახმარების სამსახურის ჩართვით აღმოიფხვრას, რისთვისაც „იურიდიული დახმარების შესახებ კანონში“ შესაბამისი ცვლილების შეტანა იქნება საჭირო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)