რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა ტრანსგენდერი პატიმრის სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს მიმართა

2020 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გენდერული იდენტობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს.

სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულმა ტრანსგენდერმა პატიმარმა, რომელიც მიუთითებდა, რომ პენიტენციური დაწესებულება არ აწვდიდა მის საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო მომსახურებას. დაწესებულებაში მოხვედრამდე, განმცხადებელი გადიოდა ჰორმონალურ მკურნალობას, თუმცა, თავისუფლების აღკვეთის შემდეგ მედიკამენტებს ვეღარ იღებს; უარი ეთქვა ასევე ენდოკრინოლოგის მომსახურებით სარგებლობაზე.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება და მედიკამენტებით უწყვეტი უზრუნველყოფა, ყველა ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის გარანტირებული უფლებაა. განმცხადებელს, მისი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე, განსხვავებული, მის საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება. ენდოკრინოლოგის მომსახურებაზე უარის თქმით ხდება მისი სპეციფიკური მახასიათებლების იგნორირება. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პატიმარმა კონსულტაცია არა ზოგადი პროფილის, არამედ ამ მიმართულებით სპეციალიზებული ენდოკრინოლოგისგან უნდა მიიღოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს - გაატაროს სათანადო ღონისძიებები განმცხადებლისთვის როგორც სპეციალიზებული ენდოკრინოლოგის მომსახურებით, ასევე ჰორმონალური მედიკამენტების შეუფერხებლად და უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)