რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა ტრანსგენდერი ქალისთვის ბინის მიქირავებაზე უარის გამო დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა უძრავი ქონების აგენტის მხრიდან გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო ტრანსგენდერი ქალის განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო, რომ უძრავი ქონების აგენტმა განმცხადებელს ბინის მიქირავებაზე უარი მისი გენდერული იდენტობის გამო უთხრა, ასევე აგენტი მის მიმართ აგრესიას გამოხატავდა.

საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ უძრავი ქონების აგენტი წინასწარ ჩამოყალიბებული დისკრიმინაციული მოსაზრებებით მოქმედებდა და მისი უარი არ გამომდინარეობდა რაციონალური გარემოებებიდან. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ გენდერული იდენტობა არ შეიძლება გახდეს რომელიმე პირის უფლებისა და ინტერესის ხელყოფის საფუძველი, მათ შორის არც საბინაო სფეროში.

დოკუმენტში ყურადღება არის გამახვილებული ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ საბინაო სფეროში ხშირ დისკრიმინაციაზე. პრობლემას განსაკუთებით ამძაფრებს ის გარემოება, რომ ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები მნიშვნელოვნად ართულებს მათთვის სხვადასხვა ეკონომიკურ რესურსებსა და სამუშაოზე წვდომას.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა უძრავი ქონების აგენტს, მომავალში თავი შეიკავოს გენდერული იდენტობის, ასევე სხვა ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)