რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეებიდან“ გარიცხული წევრები დისკრიმინაციის მსხვერპლებად მიიჩნია

2022 წლის 1 აგვისტოს სახალხო დამცველმა ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანეებიდან“ გარიცხული ოთხი წევრის საქმე შეისწავლა და დაადგინა, რომ მათ შეეზღუდათ გაერთიანების თავისუფლება განსხვავებული შეხედულების გამოხატვის გამო.

სახალხო დამცველს უნდა შეეფასებინა, მოხდა თუ არა გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა განმცხადებლების მიერ გამოხატული განსხვავებული შეხედულების გამო, კერძოდ, განმცხადებლები „მწვანეების“ კომიტეტის ერთ-ერთი წევრის „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას აპროტესტებდნენ.

სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილ პოზიციაში ა(ა)იპ „საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები“ აღნიშნავდა, რომ განმცხადებლები აგრესიული და დესტრუქციული გამოხატვის ფორმებით არღვევდნენ ორგანიზაციის წესდებას, შინაგანაწესს, უგულებელყოფდნენ მოქალაქისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველს არ უმსჯელია განმცხადებელთა მოთხოვნის ლეგიტიმურობაზე და მხოლოდ ამ მოსაზრებების გამო მათი ორგანიზაციიდან გარიცხვის სისწორე შეაფასა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლების მოსაზრებები იყო მათი ინდივიდუალური დამოკიდებულების გამომხატველი და არ გასცდენია გამოხატვის თავისუფლებით დასაშვები კრიტიკის ფარგლებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა ა(ა)იპ „საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეებს“ მიმართა რეკომენდაციით, განმცხადებლებს, მათი თანხმობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აღუდგეთ ა(ა)იპ „მწვანეების“ წევრობის სტატუსი და მომავალში არ დაუშვას გაერთიანების თავისუფლებით სარგებლობისას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)