რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა სამოგზაურო დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხანდაზმული ადამიანების მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია

2019 წლის 2 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ წინააღმდეგ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა, ვინაიდან კომპანიამ 1943 წელს დაბადებულ ს. ხ.-ს და 1937 წელს დაბადებულ ა. გ.-ს სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა.

კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის თანახმად, მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძვლად 70 წელი განისაზღვრება, რაც, განმცხადებლებთან მიმართებითაც იქნა გამოყენებული, ისე, რომ მათი ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეფასებულა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ზღვრული ასაკის განსაზღვრა, რომლის მიღმაც პირს სამოგზაურო დაზღვევაზე შაბლონურად ეუბნებიან უარს, გაუმართლებელია.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანია „არდის" მიერ განმცხადებლებისთვის წერილობით მიწოდებული განმარტება სამოგზაურო დაზღვევის გაწევაზე უარის თქმის შესახებ, ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება. ამასთან, სადაზღვევო კომპანიების მსგავსმა ბლანკეტურმა მიდგომამ, შესაძლოა, მიუწვდომელი გახადოს ხანდაზმული ადამიანებისთვის სამოგზაურო დაზღვევა, რაც, თავის მხრივ, მიმოსვლის თავისუფლების უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს.

რეკომენდაციაში ასევე მითითებულია, რომ ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, შესაძლოა, რაციონალურ ფაქტორებსაც ემყარებოდეს და სოციალურ, ეკონომიკურ მიზნებს ემსახურებოდეს; თუმცა, ასევე შესაძლოა, განზოგადებულ დასკვნებს და სტერეოტიპებს ეფუძნებოდეს. ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვერპლი შეიძლება გახდნენ როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმული ადამიანები. ეს ვარაუდები და დასკვნები ხშირად შეცდომაში შემყვანია და ვერ ასახავს ადამიანების ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას. ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია ისეთ ნეგატიურ სოციალურ შედეგებსაც იწვევს, როგორიცაა საზოგადოებისგან ხანდაზმული ადამიანების გარიყვა და საბაზისო სერვისებსა და როდუქტებზე მიუწვდომლობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიმართა რეკომენდაციით, მომსახურების გაწევაზე დაწესებული შეზღუდვები დეტალურად ასახოს შიდა დოკუმენტებში. ასევე, არ დაადგინოს ასაკი, როგორც მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძველი და ამ საფუძვლით მომსახურების გაწევაზე უარი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)